ახალი ამბები
"აუდიტის დასკვნა კვირას მზად იქნება" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" კერძო აუდიტი დაიქირავა, რომელიც მათ ფინანსებს შეისწავლის.

ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობას, ძირითადად, ემიგრანტები ეხმარებიან, თუმცა, რადგან არსებობს  მოთხოვნა მათი ფინანსების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

"ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული არ პროცესებში და დაფინანსება ძირითადად,  მოდის მათგან.  ჩვენი საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში.  რომ არ დარჩეს ფინანსების საკითხი სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, როლიც ამ ხარჯებს დააბალანსებს და შემდეგ გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


რიონის ხეობაში მეოთხე დღეა ვითარება დაძაბულია. გუშინ აქტივისტებმა პროტესტი ისევ რკინის ბარიკადებზე ბრახუნით გამოხატეს. 27 მაისის ღამეს კი, "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ხეობაში ორ ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან და გუმათჰესთან იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 215 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.






Print