ახალი ამბები
„დავიქირავეთ აუდიტი“ –  ვარლამ გოლეთიანი მოძრაობის დაფინანსებაზე
FaceBook
მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" კერძო აუდიტი დაიქირავა, რომელიც მათ ფინანსებს შეისწავლის.
ამის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობას, ძირითადად, ემიგრანტები ეხმარებიან, თუმცა, რადგან არსებობს  მოთხოვნა მათი ფინანსების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

ვარლამ გოლეთიანმა, ასევე თქვა, რომ სამართლიანი იქნება თუ ის პერსონები და ორგანიზაციებიც, რომლებიც ითხოვენ ხეობის მცველების ხარჯების გამჭვირვალობას, თავადაც გაასაჯაროონ ინფორმაცია თავიანთი ფინანსების შესახებ.

"ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული არ პროცესებში და დაფინანსება ძირითადად,  მოდის მათგან.  ჩვენი საზოგადოებაც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში.  რომ არ დარჩეს ფინანსების საკითხი  სპეკულაციის საგნად, დავიქირავეთ აუდიტი, როლიც ამ ხარჯებს დააბალანსებს და შემდეგ გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. შესაბამისად, ყველა კითხვას, რაც ამ პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ.
ასევე, გამოვედით ინიციატივით, რომ რადგან ჩვენს დაფინანსებაზე ატყდა ასეთი ამბავი და უკავშირებენ სხვადასხვა ძალებს, ყველა იმ პერსონამ, მათ შორის მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა,  ვინც გარკვეული დაფინანსებით არსებობს, გაასაჯაროოს თითოეულმა მათგანმა თავიანთი შემოსავალი.  როცა ჩვენი მისამართით კეთდება მსგავსი მოთხოვნა,  ვფიქრობ,  სამართლიანი იქნება, რომ ყველა ერთად მოვექცეთ საერთო წესის ქვეშ", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში მესამე დღეა ვითარება დაძაბულია. დღეს აქტივისტებმა პროტესტი ისევ რკინის ბარიკადებზე ბრახუნით გამოხატეს. 27 მაისის ღამეს კი, ხეობის მცველებმა ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 214 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print