ახალი ამბები
"ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს" - "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ბარიკადებს ხელებს ურტყამენ
FaceBook
რიონის ხეობაში, იქ სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული  „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.
მანამდე აქციების ერთ-ერთმა ორგანზიატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ აქციის მონაწილეებს ბარიკადს მიღმა გადასვლის და ნამახვანიკსენ გზის გაგრძელების საშუალება მისცეს.

„ვიქნებით ბარიკადებთან და იგივე ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს, მოვუწოდებთ პოლიციას, რომ მშვიდობიან ადამიანებს მოგვცენ საშუალება იმ გზაზე წავიდეთ, რომელზეც მთელი ცხოვრება დავდიოდით“, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ სთხოვენ პოლიციის წარმომადგენლებს, მათ გზის გაგრძელების საშუალება მისცენ, მაგრამ არ ძალით მიაწვებიან.

„რთულ და უპრეცენდენტო მდგომარეობაში აღმოვჩნდით თითოეული ჩვენთაგანი. რაც აქ ხდება დამეთანხმებით, რომ ხშირად არ არის ამ ქვეყანაში. არც ვისურვოთ,რომ ასეთი რამ განმეორდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რა დაპირისპირებაც ახლა არსებობს საზოგადოებაში ამ პროცესების ირგვლივ,

გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა რიგი საკითხების გამო, ჩვენ უნდა ვეცადოთ ახლა, რომ დავალაგოთ ეს საკითხები და შევძლოთ, გაერთიანებული ძალებით ისე, როგორც ვახერხებდით აქამდე, ჩვენი ერთობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ვარლამმა.

რიონის ხეობაში სამი ღამეა  ხმაური და დაძაბულობაა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობის მცველები თბილისში ოთხდღიანი აქციიდან, 26 მაისს, პროტესტის თავდაპირველ ადგილზე კოლონებით დაბრუნდნენ.

ხეობაში დაბრუნებულებს გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლა.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 213 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print