ახალი ამბები
"ხეობაში ხმაური დღესაც იქნება "- ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხეობაში დღესაც ხმაურს აანონსებენ.
მათი თქმით, ხმაური, როგორც გუშინ, დღესაც იქნება თუმცა რა ფორმით არ აკონკრეტებენ.

მოძრაობა "გადავარჩინოთ რიონის ხეობა"ს ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია რომ კომპანია "ენკამ" შეაჩერა სამუშაო პროცესი, თუმცა დაზუსტებული არ არის.

"მოგვივიდა ინფორმაცია რომ კომპანია "ენკას" დღეს არ უმუშავია. ხვალ, ვფიქრობთ,  ვნახოთ ეს ჩვენი თვალით და სანამ არ შეწყდება მუშა პროცესი ხეობაში, მანამდე პროტესტი გაგრძელდება. როგორც ვიცით, იყო საუბარი, რომ თავად ეთქვათ ამის შესახებ (სამუშაოების შეჩერების )  მაგრამ  არ ვიცით, გააკეთებენ თუ არა ისინი  ამ განცხადებას",  - განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობაში გუშინ ღამით ხმაური იყო.  აქტივისტები, რომლებიც  დედაქალაქიდან დაბრუნდნენ ხეობაში აღმართულ რკინის ჯებირზე მთელი ღამის განმავლობაში ხელებით აბრახუნებდნენ. ამ ფორმით გამოხატავდნენ ისინი თავიანთ პროტესტს.

დღესვე შსს_მ რკინის ჯებირზე განზრახ დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. ხეობის მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე გუშინ, 26 მაისს დაბრუნდნენ, რომლებსაც გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:


Print