ახალი ამბები
"გვედავებიან იმ კედლის დაზიანებას, რომელიც ხეობაში არ უნდა იყოს" - მარიტა მუსელიანი
FaceBook
გვედავებიან იმ კედლის დაზიანებას, რომელიც ხეობაში არ უნდა იყოს - ამბობს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი მარიტა მუსელიანი.
ის არ გამორიცხავს, რომ რკინის კედელი შეგნებულად დააზიანეს. 

"საკითხავია, მართლა გადმოკეცა თუ არა აქციის მონაწილემ რკინის კედლის გვერდები? იმიტომ რომ ჩვენ აქ მთელი ღამის განმავლობაში ვესწრებოდით პროცესს და ხელების ბრახუნის გარდა არაფერი ყოფილა. ბრახუნით ვერ გადმოკეცავ რკინას, ჩვენს თვალწინ ეს არ მომხდარა. მართლაც საინტერესოა აქციით მონაწილემ გადმოკეცა თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში აბსურდია გვედავებოდნენ ისეთი კედლის გადმოკეცვაზე, რომელიც ხეობაში არ უნდა იყოს", - განაცხადა  მარიტა მუსელიანმა. 

მისი თქმით,  წუხელ აქციის მონაწილეებმა რკინის კედელთან ჯოხი გამოიყენეს და ხმაური გამოიწვიეს, თუმცა ორგანიზატორებისგან შენიშვნა მიიღეს და ხმაური ხელების ბრახუნით გააგრძელეს.

დღეს, შსს-მ რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების განძრახ დაზიანების გამო საქმე  აღძრა.

უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

26 მაისს, გვიან ღამით თბილისიდან დაბრუნებული ახლადღმართულ ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და ამ ფორმით მის აღებას ითხოვდნენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. ხეობის მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე გუშინ, 26 მაისს დაბრუნდნენ, რომლებსაც გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:


Print