ახალი ამბები
თერჯოლაში, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას 4 წელი მიუსაჯეს
FaceBook
2020 წელს თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის მამას, ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

განცხადებაში მითითებულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ სცნო.

განცხადებაში მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

გასულ წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა და სავარაუდოდ, პოლიციაც მან გამოიძახა. ბიჭის დედა თურქეთში მუშაობდა, პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბავშვის მამა მალევე დააკავა.

Print