ახალი ამბები
"თავისუფლება არის ყოველწამიერად მოსაპოვებელი" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook

დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ყოველწამიერად მოსაპოვებელი და თითოეული ჩვენთაგანი  ვაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის  -

ასე მიმართა  რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს. 

მან ადგილზე მყოფებს კიდევ ერთხელ განუმარტა  მათი დედაქალაქში შეკრების მიზეზი.

"სხვადახვა ტიპის ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი მისამართით და მაინც, რა იყო ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი? - მიზეზი იყო ის, რომ კიდევ ერთხელ გვენახა ერთმანეთი და მიგვეცა ლეგიტიმაცია ერთმანეთისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს ერთობა შედგა, დღიდან ჩვენი აქ ჩამოსვლისა, ყოველ დღე უამრავი ადამიანი მოდიოდა აქ, ვაწყობდით მსვლელობებს და ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ძალა არის ხალხში. თუ ხელისუფლება არ იქნება გამთვალისწინებელი ხალხის ნების და სურვილის, არ იქნება აღმსრულებელი იმ დაკვეთისა, რაც საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, ის ვერ იქნება ხელისუფალი"
, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.  

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერების და რიონის ხეობაში გიგანტური ჰესესების მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ თბილისში გამართული 4 დღიანი ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ,  ისინი პროტესტის თავდაპირველ ადგილზე დღეს ბრუნდებიან. 

გუმათში, იქ, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვებია გაშლილი, პოლიციამ მობილიზება უკვე დაიწყო.

სამართალდამცველებმა გუმათჰესთან დილიდან აღმართეს რკინის ბარიკადების ის ნაწილი, რომელიც 17 აპრილს მოხსნეს, ახლა ხეობაში გასასვლელი გზა რკინის ჯებირებითა შემოსაზღვრული, თუმცა, პოლიცია ადგილობრივების გადაადგილებას ხელს არ უშლის.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებმა ორი აქცია უკვე ჩაატარეს, მსვლელობით გადაკეტეს თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედანი, ასევე, რუსთაველის გამზირი. დაანონსებული შენობების პიკეტირება არ შემდგარა. 24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი 26 მაისს  დაბრუნდებიან ხეობაში და მშვიდობიანად აღასრულებენ კანონს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print