ახალი ამბები
რიონის ხეობაში რკინის ჯებირები ისევ აღმართეს
FaceBook
გუმათში, იქ, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარვებია გაშლილი, პოლიციამ მობილიზება დაიწყო.

ხეობაში დღეს რიონის ხეობის მცველებს ელოდებიან, რომლებიც დედაქალაქიდან ოთხ საათზე დაგეგმილი აქციის შემდეგ გამოემართებიან.

სამართალდამცველებმა გუმათჰესთან დილიდან აღმართეს რკინის ბარიკადების ის ნაწილი, რომელიც 17 აპრილს მოხსნეს. ახლა ხეობაში გასასვლელი გზა  ჯებირებითა შემოსაზღვრული, თუმცა, პოლიცია ადგილობრივების გადაადგილებას ხელს არ უშლის.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებმა სამი აქცია უკვე ჩაატარეს, მსვლელობით გადაკეტეს თავისუფლებისა და რესპუბლიკის მოედანი, ასევე, რუსთაველის გამზირი. დაანონსებული შენობების პიკეტირება არ შედგა. 24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, თუმცა, შეხვედრა ჩაიშალა.

ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი 26 მაისს  დაბრუნდებიან ხეობაში და მშვიდობიანად აღასრულებენ კანონს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print