ახალი ამბები
საჩხერის "ჩიხურას" 14 ფეხბურთელს კლუბს ატოვებინებენ
FaceBook
საჩხერის "ჩიხურაში" კრიზისია. კლუბის 14 ფეხბურთელს რვა თვით ადრე კონტრაქტს უწყვეტენ.

ფეხბურთელების თქმით, ადმინისტრაცია ოფიციალურ მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს, თუმცა, მისი ეს პოზიცია პარადოქსულია, რადგან მეორე მხრივ, ყველა იმ მოთამაშეს, ვინც კონტრაქტის გაწყვეტაზე ხელს მოაწერს, კომპენსაციის სახის სამი ან ოთხი თვის ხელფასს სთავაზობს.  ამასთანავე, გუნდში იტოვებს ორ ლეგიონერს.

ფეხბურთელები, რომლებსაც ხელმძღვანელობა მათი ნების საწინააღმდეგოდ კლუბს ატოვებინებს, ზუგდიდის გუნდთან მატჩზე არ შეუშვეს და თამაშის უფლება არ მისცეს.

"ჩიხურას" მოთამაშეები ახლა ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდებიან და ამბობენ, რომ თუ ყველა ფეხბურთელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საკუთარ უფლებებს დაიცავენ.

"ცალმხრივად უნდათ, რომ გაგვიწყვიტონ კონტრაქტი. გვეუბნებიან ფული არ გვაქვსო და თან კლუბის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციას გვთავაზობენ. თუ ყველა ჩვენგანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,  დავდგებით ყველა ერთად და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის", - ამბობს საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი გიორგი ღვინაშვილი.

მისი თქმით, თუ ადმინისტრაცია მათ კლუბს დაატოვებინებს, ეს ნეგატიურად აისახება გუნდის შედეგებზე და  კლუბი "ეროვნული ლიგა ორის" გათამაშებიდან გავარდება.

საჩხერის "ჩიხურას" ადმინისტრაციას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
Print