ახალი ამბები
"ხვალ თავაწეულები, კოლონებით დავიძვრებით ხეობაში" - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალიდან  26 მაისიდან პროტესტს რიონის ხეობაში გააგრძელებენ.

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი  თქმით, ხვალ 16:00 საათზე თბილისში ჩატარდება აქცია და პროტესტის მონაწილეები მოქალაქეებს მიმართავენ, ამის შემდეგ კი  კოლონებით რიონის ხეობისკენ დაიძვრებიან.

"სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია, მათ შორის დასკვნითაც, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებითაც. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ, ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაშია, ვინც აქ მოდის და მოვა მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ დავიძრებით ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით იმ პროცესისა,ომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა ის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება სჩადის და აკეთებს. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ [მშენებლობის ადგილას], ხელი შევუშალოთ კომპანიას და არ მივცეთ საშუალება ისარგებლონ იმით, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქნათ ჩვენს თანამემამულეებს და მათ ხეობის ნგრევა გააგრძელონ იქ”, – განაცხადა გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print