ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ფილარმონიასთან გზას გადაკეტავენ
FaceBook
თბილისში, რიონის ხეობის მცველები აქტივისტებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ და გზას გადაკეტავენ.
ამის შესახებ მოძრაობა ,,რიონის ხოების გადარჩენისთვის'' ლიდერმა  ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

"ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. აქვე მინდა ვთქვა და დიდი მადლობა გადაუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომლებიც გვერდით გვიდგას, იცავს სახელმწიფო ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს, არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს გავაცნობიერებთ, თუ რა პროცესის მონაწილე ვართ თითოეული ჩვენთაგანი და კიდევ და კიდევ უფრო მეტი იქნება უახლოესი კვირების განმავლობაში. გადავწყვიტეთ ასეთი რამ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც მომავალში შემოგვიერთდება", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.


ამავე თემაზე:

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს


Print