ახალი ამბები
დღეს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში მსვლელობას და პიკეტირებას გეგმავენ
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, პროტესტის 211- ე ღამე გაათენეს.
დედაქალაქში მათი პროტესტის ადგილი  რესპუბილიკის მოედანია, სადაც ღამე კარვებში რჩებიან.    

მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერის და  საპროტესტო აქციების ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის  განმარტებით, დღეს, 16:00 საათიდან აქტივისტებთან ერთად  მსვლელობას და ქალაქის პიკეტირებას გეგმავენ.

"25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე, ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 211-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის",
- განმარტავს ვარლამ გოლეთიანი.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს




Print