ახალი ამბები
კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე - მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ
FaceBook
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის ელჩის თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშრებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა.

„მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშრებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე.

ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი ინკლუზიური გზით წასვლისკენ“, - განაცხადა ჰარცელმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

"მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ"
რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს



Print