ახალი ამბები
"მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ"
FaceBook
26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
ის მოუწოდებს საზოგადოებას რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, აღლუმის ნაცვლად მათთან მივიდნენ.

"მეგობრებო, ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა. 26 მაისს ალღუმი იქნება არა აქ, არამედ სადაც ვდგავართ ჩვენ პროტესტის ძირითად ადგილზე. მთელი დედაქალაქი მოვა იქ", –  განაცხადა  მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თავისუფლების მეტროდან მსვლელობით დაიძრებიან და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას გადაკეტავენ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს




Print