ახალი ამბები
თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეებმა თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.
ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან  თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. 

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით ეს სამართალდარღვევაა.

"ახლა დავიძვრებით თავისუფლების მოედანისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, რომ 26 მაისს, არ უნდა მივიდნენ იმ აღლუმზე და მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ უნდა ვთქვთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და ნამდვილი დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ, ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა“, - განაცხადა გოლეთიანმა

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.



ამავე თემაზე:


რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს

Print