ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შემოგვთავაზა - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები, რომლებიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ მსვლელობით  პარლამენტისკენ გაემართებიან.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმ განაცხადა. 

მისი განცხადებით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

გოლეთიანის თქმით, თუკი, ისინი დათანხმდებიან და პარლამენტიდან გარეთ გამოვლენ, სათქმელს ეტყვიან, მშვიდობიანი დახვედრა უნდა უზრუნველყონ, თუ არ გამოვლენ, რამდენიმე ადამიანი პირადაპირი ეთერის რეჟიმში, მედიის თანდასწრებით შევა.

აღნიშნულს აქციის მონაწილეები დაეთანხმნენ, ისინი ახლა ზარს პარლამენტიდან ელოდებიან.

„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, ამ გამოსვლების შემდეგ, მას რას აქვს ჩვენთვის სათქმელი, მაგრამ ვინც აქ ვართ, გვინდა ეს საკითხები ერთად გავიაროთ და გადავწყიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არანაირ პასუხიმგებლობას ჩვენ თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილების საკითხი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. არც მე და არც აქ მდგომი ადამიანები, ვინც სიტყვით გამოვდივართ, არ ვართ პოლიტიკური ფიგურები, რომ პასუხისმგებლობები ავიღოთ ამა თუ იმ მოქმედებებზე. ჩვენ ქართველი ხალხი, თანაბრად ვიღებთ პასუხიმგებლობას ამ პროტესტზე და ამ ბრძოლაზე.

ეს მკაფიოდ გაითავისოს ყველამ და ნუ იქნება მცდელობები იმისა, რომ ამა თუ იმ პერსონებზე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ ჩვენ ვმართავთ, ან ჩვენ ვართ წამმართველი აქ, ამ პროცესის. ჩვენ უბრალოდ გამხმოვანებელი ვართ იმ დარღვევების და იმ გადაცდომების, რასაც ვხედავთ სახელისუფლებო წრეების მხრიდან. გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ამიტომ რაზეც შევთანხმდებით დღეს ჩვენ აქ, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და პასუხიმგებლობა იქნება კრებითი და კოლექტიური.

ჩვენ ვუთხარით მათ ასეთი რამ: ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, შემოვუაროთ უკანა მხრიდან პარლამენტს, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ ვუზრუველყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან. არ იყოს არც შეძახილი, ჩვენ ეს არ გვჭირდება არაფერში. მშვიდობიანად დავდგეთ ყველამ ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ გამოვლენ და შეგხვდებიან და გვეტყვიან სათქმელს, ვუზრუნველყოთ მშვიდობიანი დახვედრა და ვიყოთ პასუხისმგებელი ამ საკითხში პოლიციასთან ერთად. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე და ვართ თანახმა ჩვენ, რომ შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ, დანარჩენი საზოგადოეობა გარეთ იდგეს და მოისმინოს პოზიცია, თუ რას იტყვის ის", - აღნიშნა გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, პიკეტირება რაც დაგეგმილი ჰქონდათ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

ეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება

რიონის ხეობის მცველებმა ღამე რესპუბლიკის მოედანზე კარვებში გაათენეს



Print