ახალი ამბები
"საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” არაადეკვატური შეფასებაა"
FaceBook
საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები” და გვინდა ქვეყნის 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია,
- ასე პასუხობს „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თქმით, „კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო“.

როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება შესასწავლია და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. მისივე თქმით, „ვაი პატრიოტიზმს” უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, რადგან ხელისუფლება ხეობას ყიდის და რესურსებს ასხვისებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრი რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმს 90-იანი წლების გადმონაშთს უწოდებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაშინდელმა გაუაზრებელმა პოლიტიკამ, სამოქალაქო ომი და ქვეყნის ოკუპაცია გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ თუ აქტივისტები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება.

"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როცა ამ ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო "სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ასე შემდეგ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად, ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, ვინც გადავა კანონს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.
Print