ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათი რჩება
FaceBook
ზუსტად 12 საათზე იწურება რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო.

თუ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივისტები მათ მოთხოვნებზე დადებით პასუხს ვერ მიიღებენ, ისინი მსვლელობით გადაკეტავენ ქალაქის ქუჩებს და მოახდენენ ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას. ხეობის მცველები ხელისუფლების პასუხს დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან. აქვე გაშლილ კარვებში გაათენეს მათ პროტესტის 210-ე ღამე.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.

ხეობის მცველები ითხოვენ:

ეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 210 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.


ამავე თემაზე:


Print