ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართეს, კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კარვებში მანამ დარჩებიან ვიდრე მათი მოთხოვნები შესრულდება. 

"დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით. აქ ვრჩებით. ხვალ (24 მაისის) 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს - ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა იზრდება, ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე", - განაცხადა აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა.

საპროტესტი აქციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 207 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ​ ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაგეგმეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:


Print