ახალი ამბები
უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - ვარლამ გოლეთიანი
FaceBook
209 დღის შემდეგ, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში გადაინაცვლა.

რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ და მათ მოთხოვნებს აჟღერებენ.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოძრაობის მიზანი არ არის ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ თუ ის არ გაიგონებს ხალხის ხმას, იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც შეიძლება ხალხის მოთხოვნების არშესრულებას მოჰყვეს, პასუხისმგებლობა გადავა ხელისუფლებაზე.

"თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ სიმრავლეს, საზოგადოების დაკვეთას, არ იქნება ეროვნული ინტერესის გამტარებელი, ჩვენ კი არ გადავაგდებთ ამ ხელისუფლებას, თვითონ მოარყევს თავის თავს. თუ ჩვენ გვინდა, რომ სწორად წარვმართოთ ეს პროცესი და გავიდეთ კონკრეტულ შედეგზე, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, დავაყენოთ ლეგიტიმური მოთხოვნა და არშესრულების შემთხვევაში გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ხელისუფლება კი, რომელიც იქნება არშემსრულებელი ამ მოთხოვნების, თვითონ გადაწყვიტოს მოარყიოს თუ არა საკუთარი თავი. ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით და ეს იქნება მათი კანონზომიერი, თუნდაც, პოლიტიკური შერყევა  და ეს პასუხისმგებლობა გადაინაცვლებს მათზე.

ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დღესვე, ხეობის მცველებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად დრო 24 მაისს, 12 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პიკეტირებით დაიმუქრნენ. 

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 207 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ​ ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაგეგმეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

ამავე თემაზე:

Print