ახალი ამბები
"ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე" - რიონის ხეობის მცველების აქცია თბილისში
FaceBook
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტეტსო აქცია მიმდინარეობს.
საპროტესტო აქცია  ვიდეოკოლაჟით დაიწყო, რომელიც ასახავდა 209 დღიან პროტესტს ხეობაში. 

"ბრძოლა იწყება აქ და ახლა! ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე! მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ ჩართული ამ პროცესებში. საერთო ძალებით  ვებრძოლოთ ტოტალურ უსამართლობას", - მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. 

აქციის მონაწილეები დღევანდელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ თავიანთ მოთხოვნებს და სამოქმედო გეგმებს გააჟღერებენ.



რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები არიან დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეურთდენენ.



ადგილზე უსაფრთხოების მიზნით პოლიციაა მობილიზებული.

პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განმავლობაში ნამახვანჰესის მშენებლობაზე მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

რიონის ხეობის მცველებს პროტესტის თავდაპირველ ადგილამდე - ნამოხვანში, სადაც კარვები ქონდათ გაშლილი, აღარ უშვებენ, სოფელში შესასვლელ გზას პოლიცია.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 209 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


Print