ახალი ამბები
ხეობის მცველები და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში დაგეგმილი აქციაზე ავტოკოლონებით გაემგზავრნენ
FaceBook
რიონის ხეობის მცველები, მათი მხარდამჭერები და რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში  გაემგზავრნენ. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მორიგ აქციას დღეს გამართავენ. პროტესტის 209-ე დღეს ჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში, შეიკრიბებიან.

ხეობის მცველებს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. 



ისინი მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. მათი თქმით, ამ დრომდე მათი არცერთი მოთხოვნა შესრულებული არაა, ამიტომ აქცია გაგრძელდება, თბილისში დარჩებიან, ვიდრე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება არ შეწყდება და სამუშაოები არ შეჩერდება.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ჰესის წინააღმდეგ ბრძოლა ახლა იწყება. მისი აზრით, 23 მაისს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იქნება. რიონის ხეობის მცველები ამ აქციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება „რიონის მცველებმა“ კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ ერთი წლის განმავლობაში ნამახვანჰესის მშენებლობაზე მორატორიუმს გამოაცხადებდა, თუმცა მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.

რიონის ხეობის მცველებს პროტესტის თავდაპირველ ადგილამდე - ნამოხვანში, სადაც კარვები ქონდათ გაშლილი, აღარ უშვებენ, სოფელში შესასვლელ გზას პოლიცია. 
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 209 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print