ახალი ამბები
გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოში ჩამოასვენეს
FaceBook
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან  საქართველოში გადმოასვენეს.
ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა ღონისძიებას პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.

გიორგი კვინიტაძე 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

კვინიტაძე მთავარსარდლის სტატუსით მეთაურობდა 1921 წელს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლებს და არაერთხელ სძლია მათ. თუმცა, საბოლოოდ წითელ არმიასთან ბრძოლაში საქართველო დამარცხდა.

კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. სხვა ქვეყანაში სამხედრო სამსახური აღარ გაუგრძელებია. გენერალი 1970 წელს გარდაიცვალა. 2013 წელს მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


Print