ახალი ამბები
23 მაისს რიონის ხეობის მცველები თბილისში აქციას გამართავენ
FaceBook
23 მაისს, დღის 2 საათზე, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველების საპროტესტო აქცია ჩატარდება.
აქტივისტები დედაქალაქში იგივე მოთხოვნებს გააჟღერებენ, რაც უკვე 207 დღეა მათი უწყვეტი პროტესტის მიზეზია.

ხეობის მცველები ბოლო ერთი კვირაა მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობენ, შესაბამისად, უცნობია მათი უახლოესი გეგმები. უცნობია როგორ ემზადებიან ისინი მასშტაბური აქციისთვის და რა მოლოდინები აქვთ. აქტივისტები საზოგადოებასთან მხოლოდ საკუთარი სოციალური გვერდის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" საშუალებით  ურთიერთობენ. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას, რომ 23 მაისს დაგეგმილი აქცია ერთჯერადი არ იქნება და დედაქალაქში დარჩენას იქამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

23 მაისის აქციაზე ხეობის მცველები კვლავ მოითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ის  განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში; გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 207 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ​ ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაგეგმეს.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print