ახალი ამბები
სკოლები იმერეთში, სადაც "ბოლო ზარი" ერთი მოსწავლისთვის დაირეკა
FaceBook
იმერეთის სამ სოფელში "ბოლო ზარი" თითო-თითო მოსწავლისთვის დაირეკა.
ჭიათურის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა და ხარაგულის  მუნიციპალიტეტის ლაშისა  და წყალაფორეთის საჯარო სკოლებში წელს 12 კლასი მხოლოდ სამმა დაამთავრა. 

სალომე კვირიკაშვილი ხარაგულის სოფელ ლაშში ცხოვრობს. იგი 6 წელია კლასში მარტო დადიოდა , თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის დისკომფორტს არ წარმოადგენდა.

სალომეს თქმით, კლასში მარტო ყოფნა განათლების მიღებაში ბარიერი არ ყოფილა.

"მასწავლებლები გაკვეთილებს ისე მიტარებდნენ, რომ მარტოობა არ მიგრძვნია, ბევრს შეიძლება რთულად ეჩვენაბა მარტო კლასში ყოფნა მაგრამ ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენდა", - ამბობს სალომე კვირიკაშვილი.


სალომე კვირიკაშვილი

სალომეს "ბოლო ზარი" სკოლის დანარჩენმა მოსწავლეებმა მოუწყვეს, ვისთან ერთადაც დასვენების უმეტეს დროს ატარებდა.

"12 წლის განმავლობაში ისინი იყვნენ კლასელები და მეგობრები. ცრემლები ძლივს შევიკავე ბოლო ზარი რომ მომიწყეს''. 

სალომე წელს აბიტურიენტია და აპირებს სწავლა პედაგოგიკის მიმართულებით გააგრძელოს.

მის მსგავსად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფერეთის საჯარო სკოლაც მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ნინო ჭანკვეტაძემ დაამთავრა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა სულ 137 მოსწავლემ დაამთავრა.

ჭიათურის სოფელ გეზრულშიც მეთორმეტე კლასი მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაასრულა.

საქართველოში სულ 2 085 საჯარო სკოლაა, აქედან, უმეტესობა ქალაქებში.

აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, კახეთი, მცხეთა მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე -ჯავახეთი, ქვემო ქართლი - ეს საქართველოს იმ რეგიონების ჩამონათვალია, რომელთა მუნიციპალიტეტებში არსებობს სკოლები, სადაც 10–ზე ნაკლები ბავშვი სწავლობს. ამ რეგიონებს შორის, მცირეკონტიგენტიანი სკოლების სიმრავლით იმერეთი გამოირჩევა. 

მთავარი ფოტო ნინო ჭანკვეტაძე
Print