ახალი ამბები
გოგი წულაია მოსამართლეს და პროკურორს წამებაში ადანაშაულებს
FaceBook
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ თბილისის #18-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  შიმშილობა  დაიწყო.
იგი მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს.

"მოთხოვნა ერთია, გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემს დაჭერისას მონაწილეობას იღებდა წამებაში და ღირსების შელახვაში", - წერს პოლიტიკოსი გოგი წულაია სოციალურ ქსელში.

დაკავებული პოლიტიკოსი ამ ფორმით, 11 მაისს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგძლივების შესახებ აპროტესტებს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა ორი თვით გაუხანგძლივა.

დაკავებული პოლიტიკოსის უფლებადამცველის ვალერი გელბახიანის თქმით, გოგი წულაიას მიმართ ანგარიშწორება მიმდინარეობს.

"კატეგორიულად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. იცის წინასწარ რა შედეგი იქნება, რადგან არც ერთი მოთხოვნა და შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. გოგი ამბობს, რომ ეს სასამართლო არის ბერა ივანიშვილის ხელისუფლება წულაიას წინააღმდეგ'',  - ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

გოგი წულაიამ ციხეში შიმშილობა პირველად 19 მარტს დაიწყო, ის ათი დღე შიმშილობდა რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მან გულზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.



Print
თეგები: #გოგი წულაია