ახალი ამბები
მოკრძალებული "ბოლო ზარი" და გადავადებული ექსკურსიები
FaceBook
დღეს, მეთორმეტე კლასელები სკოლის დამთავრებას ზეიმობენ. მოსწავლეების ნაწილისთვის "ბოლო ზარი" სკოლაში, ნაწილისთვის კი,  დისტანციურად დაირეკა.
მოზარდები კოვიდპანდემიით გამოწვეული  ჩაშლილი გეგმის გამო გულის წყვეტას გამოხატავენ და გვიყვებიან, რომ სკოლის დამთავრების აღნიშვნა მოკრძალებულად უწევთ. 


ქუთაისის N1 საჯარო სკოლა


"ბოლო ზარზე" და ბანკეტზე ფიქრი ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ. "ბოლო ზარი" გრანდიოზულად გვინდოდა აღგვენიშნა, შემდეგ ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში წავიდოდით, მშობლებთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად, სასტუმრო დავჯავშნეთ კიდეც მაგრამ ახლა გაუქმება გვიწევს"
, -  გვიყვება მეთორმეტე  კლასელი  ნინი სოფრომაძე.

ნინის და მის კლასს ახალმა რეგულაციამ დაგეგმილი ექსკურსიაც ჩაუშალა.

"სამი ან ოთხი დღე გვინდოდა თუშეთშიც წასვლა, ახლა გამოდის რომ ვერც იქ წავალთ, არ ვიცი შეიძლება გადავდოთ და მერე წავიდეთ.  მხოლოდ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები გამოდის", -  ამბობს ნინი სოფრომაძე.

გეგმები შეეცვალა ბექა დავითულიანსაც. მართალია, ბექას  და მის მეგობრებს ბანკეტი დაგეგმილი არ ჰქონდათ. თუმცა, ბათუმში რამდენიმე დღიანი გასვლების ჩაეშალათ.

"ბანკეტის გადახდა არ გვინდოდა, ფული ავკრიბეთ და რამდენიმე დღე წასვლას ვაპირებდით ბათუმში. ახლა რადგან რეგულაციები შეიცვალა ჩვენი გეგმებიც გადაეწყო. ფოტოგრაფის აყვანა გვინდა მაისურებზე დაწერის მომენტი, რომ გადაიღოს, მეტი მაინც არაფერი გამოდის", - ამბობს  ბექა დავითულიანი.

მეთორმეტე კლასელების უმეტესობა ღონისძიებას ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მოარგებს და სკოლის ეზოში, რამდენიმე მასწავლებელთან ერთად აღნიშნავენ.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც სკოლის დასრულების აღნიშვნა გრანდიოზულად არ დაუგეგმავთ. 

"ბანკეტის გადახდა გეგმაში არ გვქონია. სკოლის ეზოში შევიკრიბებით, რამდენიმე მასწავლებელს და დამრიგებელს მოვიწვევთ, მაისურზე სამახსოვრო წარწერებს გავაკეთებთ და ფოტოებს გადავიღებთ, ასეთია ჩვენი გეგმები", - ამბობს  ანი ჩხარტიშვილი.



ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორის ნათია სულავას თქმით, სკოლის ეზოში მეთორმეტე კლასელებისთვის ფოტო-გამოფენა მოეწყობა.

"დამრიგებელი გაუკეთებს კურსდამთავრებულებს ფოტო-გამოფენას, მათი ფოტოები იქნება, პირველი კლასიდან დღემდე", - განმარტავს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა.

განათლების სამინისტრო "ბოლო ზართან", ბანკეტებსა და ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები დღეს გამოაქვეყნა.

რეკომენდაციების თანახმად, "ბოლო ზარის" ღონისძიების ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

მათივე ცნობით, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსწავლეთა ჯგუფური გასვლითი აქტივობების, ექსკურსიებისა და საზეიმო წვეულებების, ბანკეტების გამართვა.
Print
თეგები: #ბოლო ზარი