ახალი ამბები
ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსები 22:30 საათამდე იმუშავებენ
FaceBook
ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევის შემდეგ, ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსების მუშაობის დრო გახანგრძლივდა.

ქალაქში ყველა საავტობუსო ხაზი 22:30 საათამდე იმუშავებს. რაც შეხება მიკროავტობუსებს, ქუთაისის მერიაში, ჯერჯერობით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

17 მაისიდან ე.წ. კომენდანტის საათი  საღამოს 9 საათის ნაცვლად 11 საათზე იწყება და დილის 5 საათამდე მოქმედებს.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან  ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.

17 მაისიდან ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში უკონტაქტო გადახდის სისტემა ამოქმედდა.

პირველ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც სპეციალურად დამზადებული ბარათით, ასევე, ნაღდი ფულით, რომელსაც მგზავრი ამ მიზნით დამონტაჟებულ ყუთში ჩააგდებს. უკონტაქტო ბარათის მფლობელებს კი თანხის გადახდა ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით შეუძლიათ.

მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა.



Print