ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში არ იციან როდის ამუშვდება მუნიციპალურ ტრანსპორტში საბარათე სისტემა
FaceBook
ქუთაისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, ელექტრონული გადახდის სიტემა, რომელიც 2 მაისიდან უნდა ამუშავებულიყო, დღემდე არ ფუნქციონირებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე  მერიის  მიერ შექმნილი  შპს "ქუთაისი სატრანსპორტო კომპანიაა" პასუხისმგებელი. გიორგი გიორგობიანი  განმარტავს,  რომ სპეციალისტებმა საბარათე სისტემის ასამუშავებლად სპეციალური  პროგრამა უნდა შექმნან, თუმცა,  ვერ აკონკრეტებს როდის ამუშავდება სისტემა. 

სამაგიეროდ, იმ "მიზეზებს" განმარტავს, რომლის გამოც დაგვიანდა მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა.  

"პანდემიის გამო ვერ შეძლო კომპანიამ ჩამოსვლა, რომ საბარათე სისტემა 2 მაისს ამუშავებულიყო. ხვალ (15 მაისს) ან ზეგ (16 მაისს) ველოდებით.  ზუსტად არ ვიცი როდის ამუშავდება", - ამბობს სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი. 

ტრანსპორტში საბარათე სისტემა უკვე დამონტაჟებულია, თუმცა, საჭიროა პროგრამის ჩატვირთვა. 

საბარათე სისტემის ამუშავების შემდეგ, მგზავრებს  თანხის გადახდა ორი მეთოდით შეეძლებათ. პირველი: ელექტრონულად, ბარათის მეშვეობით, ხოლო მეორე -  დაიდგმება ყუთი, რამელშიც მგზავრობის ღირებულების თანხა მოთავსდება, რომელსაც მგზავრი ნაღდი ფულით გადაიხდის.

საბარათე სისტემა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტს უკავშირდება. სესხით შეძენილ  მუნიციპალურ ტრანსპორტს ამ დრომდე არ აქვს ავტოპარკი, რის გამოც, ახალი ავტობუსები საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე დგებიან.   ასევე, დღემდე არ არის მოწყობილი გაჩერებებზე ელექტრული ტაბლოები. 

ქალაქში  ახალი ავტობუსები გასულ წლის  ნოემბერში შემოიყვანეს.  მუშაობა, კი მიმდინარე წლის  8 თებერვლიდან   დაიწყო.

მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ქალაქის ხელისუფლებამ 6 814 618 ევრო ვალის სახით აიღო, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

მერიამ შპს " ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" შექმანზე ორი წლის წინ იზრუნა. თანამშრომლებზე ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ვალდებულება მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველობა, მოსამზადებელი სამუშაოების (სვლა-გეზის განსაზღვრა), ელეტრონული საბარეთე სისტემის თუ სხვა საჭირო საკითხების მოგვარებაა.


Print