ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია მსხვილბიუჯეტიან ტენდერებს იგებს - TI
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს.

ამავე დროს, თავად იუზა უგულავაა იმ სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც ელექტრონულ შესყიდვებს აცხადებს - ამის შესახებ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თავის კვლევაში წერს. მერის მოადგილის ბიზნესინტერესების მონიტორინგის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 2019-2021 წლებში მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორმა, შპს "ლიკო-1"-მა გაიმარჯვა. აღნიშნულ ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებამ კი 294 545 ლარი შეადგინა.

2019 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორმა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ხუთი ტენდერი მოიგო. მათ შორის, ქუთაისის სკვერებისთვის ძელსკამების დამზადება-მონტაჟის შესყიდვა.

კვლევის მიხედვით, მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ  114 220 ლარის ტენდერი  მოიგო 2019 წელს, 16 000 ლარის ტენდერი კი 2020 წელს. 2021 წლის 5 მარტს კი კომპანიასთან 164 325 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს "ლიკო-1"-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  შეფასებით, ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ქუთაისის მერიის ტენდერებში შპს "ლიკო-1"-ის გამარჯვების კანონიერების საკითხი.


ქუთაისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print