ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა კომპანია "ენკასთან" საპროტესტო კარავი გაშალეს 
FaceBook
რიონის ხეობის მცველები პროტესტის მასშტაბებს ზრდიან. დღეს ხეობაში კიდევ ორი კარავი გაიშალა.
აქტივისტებმა ერთი კარავი ტვიშში, ჰესის მშენებელი კომპანიის ბაზასთან დადგეს, ხოლო მეორე გუმათში, იქ სადაც მათი პროტესტის ძირითადი ადგილია. ხეობის მცველები ამბობენ, რომ ამ გზით ისინი  ჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ტექნიკას  გადაადგილებას შეუზღუდავენ.

აქტივისტებს, რომლებიც ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ერთ თვეზე მეტია სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ. გუმათჰესთან პოლიციის მიერ 3 აპრილს აღმართული ბარიკადები ამ დრომდე არ მოუხსნიათ. ​ ჩაიშალა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ორი მცდელობაც, რის შემდეგაც ხეობის მცველებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დაგეგმეს.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 198 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ  მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print