ახალი ამბები
"ხელისუფლებას შეუქცევად ძალას ვაჩვენებთ'' - რიონის ხეობის მცველები თბილისში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
FaceBook

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები თბილისში, 23 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.


ხეობის მცველები  ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო  ხასიათის შეხვედრას მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობა მათთან ერთად გააპროტესტონ. 

დღეს, მათ მორიგი შეხვედრა ზესტაფონში ქონდათ. 

"23 მაისს ხელისუფლებას შეუქცევად ძალას ვაჩვენებთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ", - მიმართა  ხეობის ერთ-ერთმა მცველმა ვარლამ გოლეთიანმა ადგილობრივებს. 

"ყოველ ჩვენგანს უნდა გაგვიჩნდეს ამბიცია, რომ ვართ ამ ქვეყნის ფეხზე დამყენებელი. ჩვენ ჩვენი წილი საქართველო უნდა დავიცვათ, წარმოვიდგინოთ რომ ვართ ჯარისკაცები", - აღნიშნა ზესტაფონში ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე მაკა სულაძემ. 

განაცხადა ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე მაკა სულაძემ.

ხეობის მცველები სოფელ ნამოხვანში გიგანტური ჰესის მშენებლობას  ექვს თვეზე მეტია აპროტესტებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქცია ჰქონდათ ქუთაისსა და რიონის ხეობაში. ხელისუფლებასთან ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა პროტესტის ფორმად კვლავ აქციები აირჩიეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.




 

Print