ახალი ამბები
"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთში, სადაც მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად სახლები იბზარება, მოსახლეობის პროტესტის უკიდურეს ფორმას - პირის ამოკერვას, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ეხმაურება.
ვლადიმერ სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობა მათ რადიკალური ზომებით ესაუბრება, რაცა სალაძის თქმით, აჩენს ეჭვს რომ პროცესი მართულია. 

,,კომპანია ყველანაირად ცდილობს ადგილობრივებთან მოლაპარაკებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მართლაც არაორდინალური ვითარებაა. იმ სამი პიროვნებიდან, რომლებმაც მოაწყვეს აქცია, ორი მათგანის მფლობელობა არის შეფასებული კერძო აუდიტის მიერ. თანხა აღემატება საბაზრო ღირებულებას. ჩვენთვის გაუგებარია აღნიშნული პირები რატომ არ დათანხმდნენ კომპენსაციის გაცემას. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, აღნიშნული ოჯახი არის ეკომიგრანტები, 2018 წელს აღნიშნული ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით, შესაბამისად, გაურკვეველია ამ სამის რადიკალური პოზიცია, ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია გარკვეული ჯგუფების მიერ. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკებით ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. დიალოგისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ", - ამბობს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი  ვლადიმერ სალაძემ.

მისი  თქმით, შუქრუთში მოსახლეობის უმეტესობამ კომპენსაციები უკვე აიღო.

დღეს ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროსთან სამმა ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

შუქრუთელები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობა გაგრძელდება და სოფლის სხვა წამომადგენლებიც ამოიკერავენ პირს.

სოფლის მცხოვრებლები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ სამუშაოების წარმოებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი სახლები ინგრევა. შუქრუთის მცხოვრებლები მოითხოვენ შეწყდეს მარგანეცის მოპოვებითი სამუშაოები და კომპანიამ მათზე შესაბამისი კომპენსაციები გასცეს.

შუქრუთის მოსახლეობა მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გასული წლის მარტშიც ითხოვდა. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მათ მაღაროს პიკეტირება მოახდინეს, თუმცა, პრობლემა არ მოგვარდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

Print