ახალი ამბები
FDA-მ 12-15 წლის მოზარდებში Pfizer-ის გამოყენება დაუშვა
FaceBook
აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსზე ფიზერ-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას, CNN-ი ავრცელებს, გადაწყვეტილება FDA-მ ორშაბათს მიიღო.

CNN-ის ცნობით, ეს პირველი ვაქცინაა აშშ-ში, რომელიც პატარა ასაკის მოზარდებში დასაშვები გახდა. მანამდე პრეპარატი 16 წლის ზემოთ პირებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. რაც შეეხებათ მოდერნა-სა და ჯონსონ-ჯონსონ-ის ვაქცინებს მათი გამოყენება 18 წლის ზემოთ პირებისთვის არის დასაშვები.

FDA-ს აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ ჩატარებულ კლინიკურ ტესტირებას ეფუძნება, რომელშიც 12-დან 15 წლამდე 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. კომპანიის განცხადებით, კვლევაში ვაქცინამ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა და უსაფრთხოება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოზარდებში ვაქცინამ კიდევ უფრო მაღალი ეფექტიანობა აჩვენა, ვიდრე 16-25 ასაკობრივ ჯგუფში, უსაფრთხოების ნაწილში კი იდენტური შედეგები ჰქონდა.

CNN-ის ცნობით, 12-15 წლის მოზარდები აშშ-ის პოპულაციის 5%-ს შეადგენენ. გაფართოებული ავტორიზაცია კი ნიშნავს, რომ ვაქცინაცია აშშ-ის მოსახლეობის 85%-სთვის იქნება შესაძლებელი.

ამჟამად კვლევები გრძელდება ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში.

საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული პორტალის მიხედვით, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ონლაინ ჯავშანია შესაძლებელი, დარეგისტრირებულ მომხმარებელთა უმეტესობა ,,ფაიზერის'' ვაქცინას არჩევს. 84 240 რეგისტრირებული პირიდან  75 545  "ფაიზერით'' აცრა სურს.

აცრის პუნქტებში ჯავშნის გასაკეთებლად გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე 1522.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

10 მაისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 62 447 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.

Print