ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები მორიგ შეხვედრას ფოთსა და ქობულეთში გამართავენ
FaceBook
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრები გრძელდება.

ხეობის მცველები 10 მაისს ქობულეთსა და ფოთში ჩავლენ. ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრა აღმაშენებლის  ქუჩა #554-თან, 12 საათზე დაიწყება, ფოთში კი აქტივისტები 15 საათზე, ფოთის თეატრის წინ შეიკრიბებიან. შეხვედრაზე, ხეობის მცველები მოსახლეობას ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის არსზე ესაუბრებიან და თბილისში 23 მაისს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოსახლეობას უკვე შეხვდნენ ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ცაგერსა და ამბროლაურში.


ხეობის მცველები სოფელ ნამოხვანში გიგანტური  ჰესის მშენებლობას 200 დღეზე მეტია აპროტესტებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქცია ჰქონდათ ქუთაისსა და რიონის ხეობაში. ხელისუფლებასთან ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა პროტესტის ფორმად კვლავ აქციები აირჩიეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print