ახალი ამბები
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
FaceBook
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მთავარი არხის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ ინტერვიუსთვის მისულ  ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს მეუფე ანტონი აგრესიით დახვდა და მოუწოდებდა ადგილი დაეტოვებინა.

ირაკლი ვაჩიბერაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა როდესაც მიტროპოლიტმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოითხოვს, რომ აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია არხის წინააღმდეგ და ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა.

ტელეკომპანია ხელისუფლებისგან მოითხოვს კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა ან იერარქიული მდგომარეობისა.

"მთავარი არხი აცხადებს, რომ გახშირდა ძალადობრივი ინციდენტები ჩვენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და ეს, ჩვენი შეფასებით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ",- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მეუფე ანტონი ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. რამდენიმე თვის წინ მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ ჟურნალისტს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის კითხვის დასასმელად კურთხევა სჭირდება.

,,ქუთაისიპოსტის'' მიერ დასმულ კითხვაზე რატომ არ აქვს ჟურნალისტს სასულიერო პირისთვის შეკითხვის დასმის უფლება. მაღალი იერარქიის სასულიერო ამბობს, რომ ჟურნალისტი პროკურორი არ არის და სასულიერო პირები არ არიან ვალდებული მის ყველა შეკითხვას უპასუხონ. მღვდელმთავრის აზრით, ამისთვის ჯერ საჭიროა მოძღვრისგან ნებართვის აღება.


Print