ახალი ამბები
"ივნისში გელათში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი''- თეა წულუკიანი
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში, საქართველოს იუნესკოს ექსპერტი ეწვევა.
ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით,  2008 წლიდან მოყოლებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზები გამოსწორდეს სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს  და სწორედ ამ მიზნით, ივნისში, საქართველოში იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი ჩამოდის, რომელიც ტაძრის სახურავზე არსებულ მდგომარეობას შეაფასებს.

"გელათს ნამდვილად სჭირდება იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. ჩვენ დაახლოებით 6 კვირაა, რაც ვართ ახალშექმნილ სამინისტროში და ჩემმა პირველმა მოადგილემ, ბატონმა კახა სიხარულიძემ, მთელი თავისი წარსული დიპლომატიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ ამ მოკლე ვადაში, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მივიღეთ იუნესკოსგან თანხმობა და ივნისში გვეწვევა ცნობილი ექსპერტი, რომელიც ძეგლების გადახურვის სპეციალისტია და გააკეთებს შეფასებას.

სწორედ ის გვეტყვის, თუ რამხელაა ზიანი. მე შეიძლება მქონდეს ჩემი წარმოდგენა და ვარაუდები, როგორც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმის პროფესიონალი. თუმცა, ჩემი ვარაუდიც დოკუმენტებს ეყრდნობა და შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი და ხარვეზების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დასჭირდება. მაგრამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელია. ძალიან დიდი შრომა იქნება ამისათვის საჭირო. უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი ექსპერტი. უცხოელი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საქმე დადგა ისე, რომ გვჭირდება უცხოელის ჩართულობა. მადლობა იუნესკოს, რომ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან სწრაფად, ივნისში მოავლინა ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი, რომელიც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. რამდენიმე დღეში თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Print