ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი 600 000 ლარს აჭარბებს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ერთკვირიანი წვიმების შედეგად მიყენებული ზარალი ამ დროის მონაცემებით 600 000 ლარს აჭარბებს.

სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მისასვლელი გზები. სოფელ წითელხევში კი მოდიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, ხოლო სოფელ წაბლარისხევში გადასასვლელი ბოგირი.

რამდენიმე ადგილზე მეწყრის შედეგად მოწყვეტილმა ხეებმა გადაადგილების პრობლემები შექმნა კურორტ საირმისკენ მიმავალ გზაზე.

"ზარალის დათვლაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისთვის შედგენილია პროექტები დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული გზების. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გვეცოდინება ზარალის ზუსტი რაოდენობა," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გელა მშვილდაძე.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლის დატბორვა გაუწმენდავი არხების გამო მოხდა. მშვილდაძე განმარტავს, რომ არხების გასაწმენდად თანხების გამოყოფა სამომავლოდ მოხდება.
Print