ახალი ამბები
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს
FaceBook
მერიაში კონკურსანტებმა ქალაქის ტურისტული სლოგანის 85, ხოლო ლოგოს 27 ვერსია წარადგინეს.



ქუთაისის მერიაში კონკურსანტების მიერ წარდგენილი ტურისტული სლოგანისა და ლოგოს ნამუშევრების შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს.

ქალაქის ტურისტული სლოგანისა და ლოგოს არჩევაში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, კონკურსანტების მიერ წარდგენილი ნამუშევრები კომისიის გადაწყვეტილებით საჯარო გახდა.

ქუთაისის ლოგოსა და სლოგანის კატეგორიაში კონკურსანტების ნამუშევრები ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - kutaisi.gov.ge-ზეა განთავსებული.

როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კონკურსების კატეგორიაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს და ხმა მისცეს მისთვის მოსაწონ ვარიანტს.

"მოქალაქემ თითოეულ ნამუშევარი შეუძლია შეაფასოს და ხმა მისცეს სასურველ ვერსიას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არცერთი არ მოსწონს ესეც უნდა დააფიქსიროს," - ამბობს პაატა კლდიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი შაბათს 18 საათზე დასრულდება, ხოლო რეიტინგის დათვლის შემდეგ, საზოგადოების მიერ შერჩეული ლოგოსა და სლოგანის ვერსიები კომისიას გადაეგზავნება.

მეორე ეტაპზე, საუკეთესო ლოგოსა და სლოგანის ავტორს მერიაში სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს.

ქუთაისის მერიამ ქალაქის  ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად პირველად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა.

ქალაქის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად ქუთაისის მერიაში კონკურსი მეორედ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოცხადდა.
კონკურსანტების შექმნილი ნამუშევრების შეტანა ქუთაისის მერიაში მიმდინარე წლის 9 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

ქუთაისის მერიაში კონკურსანტებმა ქალაქის ტურისტული სლოგანის 85, ხოლო ლოგოს 27 ვერსია წარადგინეს.

მერიის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებების თანახმად, გაორმაგდა კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა.

ასევე, საჯარო გახდა კონკურსანტების მიერ წარდგენილი ნამუშევრები.

Print