ახალი ამბები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოს სასამართლოსთან აქციას გამართავენ
FaceBook
28 აპრილს, წყალტუბოში, რიონის ხეობის მცველებმა საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან 12 საათზე, "ენკას" წინააღმდეგ  შეტანილი სარჩელის განხილვის პარალელურად დაიწყება. ეს უკვე მესამე პროცესია, რომელიც ამ საქმეზე დაინიშნა, თუმცა, წინა ორ პროცესს ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

​წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს, "ენკას" მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გადაუგზავნა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ინსპექტირების შედეგად  დაადგინეს, რომ  კომპანიას არ აქვს შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა.

28 აპრილს წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.


წყალტუბოში დაგეგმილი აქცია ერთ-ერთია იმ საპროტესტო აქტივობებს შორის, რასაც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" 23 მაისამდე გეგმავს. პროტესტის ორგანიზატორების თქმით, 23 მაისს დედაქალაქში დაგეგმილ შეკრებამდე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შედარებით მცირე მასშტაბის აქციები გაიმართება.

რიონის ხეობის მცველებმა ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 15 აპრილს, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა მხარეებს შორის დიალოგის დაწყების მეორე მცდელობა იყო, თუმცა, უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა აქტივისტების მთავარი მოთხოვნის - ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერების დაკმაყოფილებაზე, ხეობის მცველებმა დიალოგი ჩაშლილად გამოაცხადეს და კვლავ პროტესტის გზა აირჩიეს.
Print