ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღი დაასახელეს
FaceBook
რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე ხელისუფლების უარის შემდეგ, აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს აანონსებენ.


მათი თქმით, საპროტესტო გამოსვლები სხვადასხვა ქალაქში დღეიდან დაიწყება, დედაქალაქში კი მასშტაბური აქცია 23 მაისს ჩატარდება.

"ჩვენ უკვე ვაანონსებთ თარიღს, 23 მაისს. მანამდე ფიზიკურად ვერ ვახერხ​ებთ. მოდის მნიშვნელოვანი დღეები ვნების კვირა, აღდგომის დღესასწაული, შემდგომი თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული და ამიტომ მაქსიმალურად გადავწიეთ. მოვემზადებით ამ დროში და დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში"
, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რვადღიანი ფიქრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებზე პასუხი დღეს გაავრცელა. განცხადებით ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.

ხელისუფლების პასუხი მიუღებელია აქტივისტებისთვის, რადგან მათი თქმით, არ არის დაკმაყოფილებული მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი - მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, რაც იმას, ნიშნავს, რომ მთავრობა ჰესის მშენებლობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

"ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, იმ განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს ხელისუფლებისგან, ჩვენ ვკითხულობთ იმას, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაზე დგანან, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს პროცესის დეესკალაცია  ხელოვნურად და არა ბუნებრივად. დღეს ჩვენ გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში, ეს არის დაორგანიზებული და  ელოდებიან ჩვენი მომხრეები ჩვენს განცხადებებს. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აქციის მასშტაბს", - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

რიონის ხეობაში 180 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 15 აპრილს აქტივისტები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც დიალოგის დაწყების წინაპირობად სამი მოთხოვნა წამოაყენეს. ესენი იყო: გუმათჰესთან რკინის ჯებირების მოხსნა, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება და ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.
Print