ახალი ამბები
"თბილისში დავიწყებთ აუღებელ აქციებს" -  ხეობის "მცველების" პასუხი ხელისუფლებას
FaceBook
"დავიწყებთ აუღებელ აქციებს" - ასე პასუხობენ რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებას, რომელმაც აქტივისტების მოთხოვნებზე რვადღიანი მსჯელობის შემდეგ თქვა, რომ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ პოლიცია გუმათჰესთან რკინის ბარიკადებს აიღებს და აქტივისტებს კარვების გასაშლელად ადგილის შერჩევა შეეძლებათ. მთავრობამ განცხადებაში ასევე გაიმეორა პრემიერის განცხადება, კაშხლის მშენებლობის 9-12 თვით გადავადების შესახებ.

ხელისუფლების პასუხი მიუღებელია აქტივისტებისთვის, რადგან მათი თქმით, არ არის დაკმაყოფილებული მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი - მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, რაც იმას, ნიშნავს, რომ მთავრობა ჰესის მშენებლობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

რვადღიანი მოლოდინის შემდეგ, ხეობის მცხოვრებლები წინასწარ დაანონსებულ, აქციების გეგმაზე გადადიან.

"ჩვენ უკვე ვაანონსებთ თარიღს, 23 მაისს. მანამდე ფიზიკურად ვერ ვახერხ​ებთ. მოდის მნიშვნელოვანი დღეები,  ვნების კვირა, აღდგომის დღესასწაული, შემდგომი თარიღები პარტიული ნიშნით არის დაკავებული, ამიტომ მაქსიმალურად გადავწიეთ. მოვემზადებით ამ დროში და დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

თბილისში აქციის ჩატარებამდე, საპროტესტო გამოსვლები დაიწყება სხვადასხვა ქალაქში. ხეობის მცველების თქმით, ხელისუფლებას მოუწევს ანგარიში გაუწიოს პროტესტის მასშტაბებს.

"ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, იმ განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს ხელისუფლებისგან, ჩვენ ვკითხულობთ იმას, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაზე დგანან, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება და ცდილობენ ვექტორის გადატანას სხვა მიმართულებით, რათა მოხდეს პროცესის დეესკალაცია  ხელოვნურად და არა ბუნებრივად. დღეს ჩვენ გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქში, ეს არის დაორგანიზებული და  ელოდებიან ჩვენი მომხრეები ჩვენს განცხადებებს. ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აქციის მასშტაბს", - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

რიონის ხეობაში 180 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. 15 აპრილს აქტივისტები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც დიალოგის დაწყების წინაპირობად სამი მოთხოვნა წამოაყენეს. ესენი იყო: გუმათჰესთან რკინის ჯებირების მოხსნა, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება და ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.
Print