ახალი ამბები
ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს
FaceBook
ევროპული პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, "მწვანეების" წევრი ჰაიდი ჰაუტალა მხარდაჭერას უცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტს.
ფინელი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ,,მწვანეებს'' და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს.

"მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ", – დაწერა 22 აპრილს ჰაიდი ჰაუტალამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

რიონის ხეობის მცველებმა უკვე 179-ე ღამე გაათიეს კარვებში. 3 აპრილიდან მათ სოფელ ნამოხვანში, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, აღარ უშვებენ. აქტივისტები იძულებული არიან პროტესტი გუმათჰესთან გააგრძელონ. ხეობაში ისევ მიმდინარეობს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები.

ნამოხვანში შესვლა და ხეობაში სამუშაოების შეჩერება ის მთავარი მოთხოვნები იყო, რაც აქტივისტებმა 15 აპრილს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენეს. შეხვედრაზე აქტივისტებმა დაპირება მიიღეს, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხს პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელების შემდეგ განიხილავდა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print