ახალი ამბები
ულტიმატუმის ამოწურვამდე გუბერნატორი "ენკას" დირექტორთან კონსულტაციას გადის
FaceBook
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის დაპირებული დროის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ხელისუფლება კონსულტაციებს კომპანია "ენკასთან" გადის.
კომპანიის დირექტორი მერაბ ლომინაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. შეხვედრა  დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

გარდა მხარის რწმუნებულისა, კიდევ ვინ ესწრებოდა შეხვედრას,  უცნობია. უცნობია მხარეთა პოზიციებიც და ისიც, დათანხმდება თუ არა "ენკა" ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას.

"ენკას" დირექტორთან შეხვედრას "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს იმერეთის გუბერნატორი, თუმცა, მერაბ ლომინაძესთან ხეობის მცველების მოთხოვნებზე საუბარს უარყოფს. ზვიად შალამბერიძის თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ ხეობაში შექმნილი ფონდის შესახებ ისაუბრეს.

"იცით, რომ ფონდი არის შექმნილი რიონის ხეობაში და ამ ფონდის ირგვლივ ვისაუბრეთ. ჩვენ არ გვქონია სამუშაოების შეჩერებაზე საუბარი. ამ თემაზე მათთან არ მაქვს კომუნიკაცია. ეკონომიკის მინისტრი არის ამ თემაზე კომპანიასთან კონტაქტზე და მე ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას. დანარჩენს უკვე გაიგებთ ხვალ, როგორც გაცხადდება. ხვალ, 23 აპრილს  მათ ეცნობებათ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ" , - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

23 აპრილს იწურება ის დრო, რაც ხელისუფლებამ რიონის ხეობის მცველების სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სამსჯელოდ ითხოვა.

ჰესის მოწინააღმდეგეები ხვალ დილიდან უკვე გუმათჰესთან რკინის ჯებირების აღებას და ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას ელოდებიან.

სწორედ ეს იყო ის მთავარი მოთხოვნები, რაც მათ 15 აპრილს სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შემდგომი დიალოგის წინაპირობად წამოაყენეს. 



Print