ახალი ამბები
ბათუმში ყველაზე დიდი კომპლექსი "მეტროსითი" შენდება
FaceBook
ბათუმში კომპლესი "მეტროსითის" მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2016 წლის აგვისტოში დასრულებულ სახეს მიიღებს.

"მეტროსითის" კომპლექსი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და რეზიდენციებს საკუთარი აუზებით, დახურულ და ღია პანორამულ რესტორნებს, კაზინოს, სპა ცენტრს, სავაჭრო ცენტრს, სპორტკლუბს, კინოთეატრს, ბოულინგ ცენტრს, სათამაშო მოედანს ბავშვებისათვის, ასევე ოქროს ქვიშისაგან დამზადებულ სანაპიროსა და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ 1500 კაციან საკონფერენციო დარბაზს მოიცავს.

კომპლექსის შემადგენლობაში, ასევე, შედის 100 ბრენდული მაღაზია, ჰიპერმარკეტი, კინოთეატრი, ბოულინგ ცენტრი და ბავშვების გასართობი ცენტრი.
16000 კვ.მ-ზე განტავსებული კომპლექსის მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ამჟამად მშენებლობაზე 1500 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მეჰმედ აიაღის განცხადებით, ადგილობრივების დასაქმება კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

"დასაქმებულთა შორის ადგილობრივი კადრების რიცხვი მომავალში აუცილებლად გაიზრდება. შეიქმნება სამუშაო ადგილები, რომელზე დასაქმების მსურველებს კომპანია კონკურსის წესით შეარჩევს,"- განაცხადა მეჰმედ აიაღისმა.

კომპლექსი "მეტროსითი" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2კმ-ით, ხოლო ქალაქის ისტორიულ ცენტრიდან 500 მეტრითაა დაშორებული.

საქართველოში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი პროექტის, "მეტროსითის" საერთო ინვესტიცია 125 მილიონი დოლარია.

Print