ახალი ამბები
"ვადა ამოიწურა" - რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 15 აპრილს გამართული შეხვედრიდან ხუთი დღის შემდეგაც, რიონის ხეობაში არსებითად არაფერი შეცვლილა.

პოლიციამ მხოლოდ ნაწილობრივ აიღო რკინის ჯებირები გუმათჰესთან, აქტივისტების მთავარი მოთხოვნები კი სოფელ ნამოხვანისკენ გზის გათავისუფლებისა და ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილებულა. აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი თავად დაუკავშირდებიან ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებთანაც ეს მოთხოვნები წამოაყენეს. მისივე თქმით, თუ მათ არ ექნებათ კონკრეტული პასუხი და სახელმწიფო არ გადავა ქმედით ნაბიჯებზე, რაც მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას გულისხმობს, ისინი დაიწყებენ დაანონსებული პიკეტირების გეგმის განხორციელებას.

"ჩვენ გადავალთ მოქმედებაზე. აქ ვუცდიდით იმ პირობების ვადის გასვლას, რომელიც უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას. ეს ვადა პრაქტიკულად ამოიწურა. ამიტომ, ჩვენ ხაზზე ვართ. დავუკავშირდებით მათ, მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენ პრაქტიკულად დაძლეული გვაქვს ძირითადი სირთულე, რაც გულისხმობს ჩვენი გაერთიანების საკითხს და ამ საკითხში არ უნდა გვქონდეს ჩავარდნა. არის წუხილი ადამიანების, რაც უკავშირდება ხელისუფლებას, რომ  დროს წელავენ, მაგრამ როგორც კი  გადაცდება გონივრულ ვადას ფიქრისას, მოქმედება ჩვენი იქნება შესაბამისი
", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

იმერეთის სამხარეო ადმინსტარციაში ხეობის  მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 15 აპრილს გაიმართა.  ნამახვნაჰესის მშენებლობის მოწინააღმდგეებმა სამი პირობა წამოაყენეს.

"სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს ის რეპრესიული პოლიტიკა რაც ხეობაშია, გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები და ჩვენ დავუბრუნდეთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, კარვები, რომელიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ იქ. ამ პირობებზე ველოდებით პასუხს", -  განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა.

როდის აპირებენ მცველებისთვის მიცემული პირობის შესრულებას ან გეგმავს თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრას,  ამის  გასარკვევად  "ქუთაისიპოსტი" მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა,  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

რიონის ხეობის მცველებმა უკვე 177-ე ღამე გაათიეს კარვებში. 3 აპრილიდან მათ სოფელ ნამოხვანში, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, აღარ უშვებენ. აქტივისტები იძულებული არიან პროტესტი გუმათჰესთან გააგრძელონ. ხეობაში ისევ გრძელდება ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print