ახალი ამბები
გელათში აღმოჩენილი არტეფაქტების სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არასწორია - ძეგლთა დაცვის სააგენტო
FaceBook

Საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების "სავალალო მდგომარეობის" შესახებ მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.


Სააგენტო ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკგვერდზე განცხადებას ავრცელებს და  განმარტავს, რომ არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრების ვერგამონახვა და ამიტომ მათი ბრეზენტით დაფარვა, სიმართლეს არ შეეფერება.

"სიცრუეა, თითქოს ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. პროცესი თავად მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა.აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, - წერია განცხადებაში.

Სააგენტო განმარტავს, რომ არქეოლოგიური ობიექტის ღია ფორმით შენარჩუნება მისი დამცავი კონსტრუქციის სახით, გელათის ტერიტორიაზე ახალი სივრცის გაჩენას გამოიწვევდა, შესაბამისად, 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით დაიფარა.


სააგენტო იმასაც აზუსტებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ნებისმიერი ჩარევის საკითხი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ, განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველ უწყებებთან.

მათ შორის გელათის კომპლექსზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე ჩარევის საკითხიც იუნესკოსა და მის მრჩეველ ორგანიზაციებთან კონსულტაციითა და შეთანხმებით მოხდა, მითითებულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა შუშანიას გავრცელებული ინფორმაციით გელათის მონასტერში აღმოჩენილი ახალი არტეფაქტები მუზეუმში ვერ გადაიტანეს და არასწორი წესით მოახდინეს მათი კონსერვაცია.

რაც შეეხება აღმოჩენას,  წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და მოძრავი არტეფაქტები დაფიქსირდა.
არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვის მე-2, მე-3 საუკუნეების ქვევრსამარხი. გაითხარა ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა. სამეცნიერო გათხრებისას აღმოჩნდა დაახლოებით მე-13, მე-14 საუკუნეების ღვარსადენის ნაშთები და მე-17, მე-18 საუკუნეებში ახლადაგებული დაკირულქვევრებიანი მარანი.


 

Print