ახალი ამბები
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პედაგოგებს წასვლას უკრძალავენ
FaceBook
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე საჯარო სკოლის მასწავლებლებს წასვლას უკრძალავენ.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი უყვება, რომელსაც სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ აქციაზე არ წასულიყო.

"სკოლის დირექტორმა მითხრა, რესურსცენტრიდან გაფრთხილება მივიღე მასწავლებლები ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა წავიდნენ და სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი კომენტარების წერისგანაც თავი შეიკავონო. დირექტორები, თავის მხრივ, რესურსცენტრის ხელმძღვანელს თათბირზე გაუფრთხილებიათ", - უყვება "ქუთაისიპოსტს" მასწავლებელი, რომლის იდენტიფიცირებას მისივე თხოვნით არ ვახდენთ.

ის ამბობს, რომ ამ გაფრთხილების მიუხედავად აქციაზე მაინც წავიდა.

"მაინტერესებს რა მოხდება, გამიშვებენ თუ არა სკოლიდან".

რატომ არ უნდა წავიდნენ მასწავლებლები საპროტესტო აქციაზე და ვისგან მიიღო მითითება, ამის გასარკვევად "ქუთაისიპოსტი" ცაგერის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი სილაგაძეს დაუკავშირდა. თუმცა, მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში უარყო, რომ დირექტორები გააფრთხილა.

"ადამიანის ნება არის თავისუფალი, მასწავლებლები არიან დამოუკიდებლები, თუ უნდათ წავლენ თუ არა, არ წავლენ, მსგავსი აკრძალვა არ ყოფილა", - ამბობს ის.

რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უცხადებენ. მათ შორის არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 175-ე დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.


Print