ახალი ამბები
"სოლიდარობას ვუცხადებთ" - სხვადასხვა რეგიონებიდან მოქალაქეების მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს
FaceBook
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც უცხადებენ სოლიდარობას.
დღეს, ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოზურგეთსა და გორში, სადაც მათი მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

"ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს გუმათში ჩასვლას და მათთან ყოფნას და ამიტომ გადავწყვიტეთ აქ, ამ აქციის გამართვა. სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის ხეობის დამცველებს და მინდა აღვნიშნო, რომ გურიის მდინარეებიც დასაცავია ჰესომანიისაგან, ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გაუქმდეს “, - აცხადებენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ოზურგეთში

ასევე, სოლიდარობა გამოუცხადეს კახეთის რეგიონშიც, ლოპოტის ხეობაში, სადაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უცხადებს.

მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართა ახალციხესა და თბილისშიც. ხეობაში ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს ავსტრიასა და გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმაც.

"ჩვენ ვგმობთ ყველა იმ უკანონობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს რიონის ხეობაში და მოვუწოდებთ საქართველოს მთვარობას, შეწყვიტოს რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება და მათი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების შეზღუდვა", - აცხადებენ ემიგრანტები.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

რიონის ხეობა უკვე ორი კვირაა ჩაკეტილია. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ჯერ კარვები დაურბია.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ფოტო: qartli.ge
Print