ახალი ამბები
რიონის ხეობაში დაკავებულების ახლობლები სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვენ
FaceBook
რიონის ხეობაში, 12 აპრილს,  პოლიციასა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულების ახლობლები  სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვენ.
სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ  აჭარიდან ხეობაში ჩასულ ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს. როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დალი სულაქველიძის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. ასევე განმარტავს, რომ გავრცელებულ კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ არ ჩანან. პოლიციასთან სამართალდამცველების და სპეცრაზმის ჯგუფებია მობილიზებული.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

მანამდე კი, დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები  იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ისინი  პოლიციის მანქანებს არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, დაკავებულების მხარდამჭერები მსვლელობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსკენ გაემართნენ.


სოფელ გუმათში პოლიციამ, 13 აპრილს  ექვსი პირი, 14 აპრილს კი,  4 აქტივისტი დააკავა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა. ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით. პოლიციამ გუმათჰესთან ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print